ლონდა თოლორაია - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაუყოვნებლივ რეაგირებს ყველა იმ ფაქტზე, რომელიც შედის ჩვენს მანდატში
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამსახურის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დარბაზში მყოფი დეპუტატების წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარდგა.
„მადლობა მინდა, გადავუხადო, ყველა იმ პარლამენტის წევრს, რომელიც ჩემს მოხსენებას ესწრებოდა. ჩვენ ვართ ორგანო, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ინტერესი ამ სამსახურის ანგარიშის მიმართ ყოფილიყო გაცილებით უფრო მაღალი. ეს იყო ჩვენი პირველი ანგარიში, პირველი შედეგები და ნაბიჯები, რომელიც ამ მიმართულებით გადავდგით.
საბოლოოდ, შემიძლია, გითხრათ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც გადადგა პირველი ნაბიჯები ინსტიტუციურად შემდგარია, სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი კადრები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენს ყველა იმ ფაქტზე, რომელიც შედის ჩვენს მანდატში, თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და იმ პირთან, რომელიც დაინტერესებულია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ.
უახლოეს მომავალში შეგეხმიანებით და შეგაწუხებთ საკანონმდებლო კუთხით გამოწვევებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გაძლიერება, ნამდვილად გვჭირდება მხარდაჭერა. მე შექება ნამდვილად არ მჭირდება, შექებისთვის აქ არ მოვსულვარ, მე მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა რა გავაკეთეთ და მოვედი იმისთვის, მეთქვა რა გამოწვევები გვაქვს და მეთხოვა თქვენთვის მხარდაჭერა ამ გამოწვევების კვალდაკვალ და ამ პროცესში.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ თუ იქნება ამ სამსახურის მიმართ ინტერესი ისეთი, როგორიც ამ სამსახურის ფუნქციებს ეკადრება” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.