ლონდა თოლორაია - საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანი მუშაობისთვის ავამოქმედეთ 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის ნომერია 199
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.
სახელმწიფო ინსპექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამსახურის ახალი მიმართულების, მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის შესაძლო ნიშნების შესახებ შეტყობინებების დროულად მიღება, რათა არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება.
„სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დანერგა შეტყობინებათა დაუყოვნებლივ მიღების მექანიზმი – 24-საათიანი ცხელი ხაზი (რომლის ნომერია – 199). სწორედ ცხელი ხაზის მეშვეობით სამსახური იღებს შეტყობინებებს ყველა წყაროდან“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინებები შემოდის სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ადვოკატებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. აღნიშნულ ნომერზე – 199 – დაკავშირება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.