ლონდა თოლორაია - „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც ლონდა თოლორაიამ „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა, გამოძიების ეტაპზე გამოკვეთილ ყველა გარემოებას შესაბამისი რეაგირება მიეცემა.
„საქმეზე, დღეის მდგომარეობით, რამდენიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მათ შორის, არც ჩოლოიანის მიმართ. მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ყველა პირის ქმედებას, თუ ამ პირთა ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატი აცხადებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.