ლონდა თოლორაია - გაზრდილია სასამართლო კონტროლი სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციის შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა კონტროლი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებზე.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა მოსამართლის 1362 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შესახებ (2018 წელს მათი რაოდენობა იყო – 1397).
2019 წელს სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებული შუამდგომლობების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გაზრდილია სასამართლოს მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებისა და ჩაწერაზე კონტროლი.
2019 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, უმეტესად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ხორციელდებოდა: 180-ე (თაღლითობა), 223 პრიმა („ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“), 108-ე (მკვლელობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), 338-ე (ქრთამის აღება), 210ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება)“, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
მისივე თქმით, 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ გაცემული 98 სასამართლო განჩინების/პროკურორის დადგენილების მოქმედება შეაჩერა.
„2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააიდენტიფიცირა სასამართლოს მიერ გაცემულ 20 განჩინებაში ბუნდოვანება უზუსტობა, რომლის შესახებ ეცნობა შესაბამის ორგანოს.
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა გაგრძელდა შეჩერების საფუძვლისა და ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შემდგომ.
მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კომპანიების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის შესახებ ინსპექტორის ინფორმირების ვალდებულების შესრულების მაჩვენებელი. 2019 წელს არ გამოვლენილა კომპანიების მიერ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევით დამუშავების ფაქტი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.