ლონდა თოლორაია - დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას
ლონდა თოლორაია - დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას.

როგორც ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიების ფარგლებში განმეორებით დაიკითხა გარდაცვილი მოზარდის მშობელი.

„ამ ეტაპზე მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. მეტ ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებ. რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატი აცხადებდა, რომ მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული. სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.