ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ ინციდენტთან დაკავშირებით, არასრულწლოვანმა გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა
ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“ ინციდენტთან დაკავშირებით, არასრულწლოვანმა გოგონამ თვითდაზიანებები მიიყენა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ „მწვანე სკოლაში“  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის მოზარდმა თვითდაზიანებები მიიყენა.

„ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა თვითდაზიანებები მიიყენა. გამოძიება გრძელდება“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არასრულწლოვან გოგონაზე, რომელმაც პედაგოგებს, მათივე თხოვნით, ლუკა სირაძესთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც ადმინისტრაციას პირის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.

თოლორაიას თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ნებისმიერი პირი, ვისთან მიმართებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, პასუხისგებაში მიეცემა.

რაც შეეხება გამომძიებელის დაკავების ფაქტს, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში 15:00 საათიდან იმყოფებოდა და მის დაკავებაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოზარდის გარდაცვალებას არავინ დალოდებია.

„ჩვენ მართლა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ამ ეტაპზე იყო ამ ერთი პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი სჭირდება. მარიანა ჩოლოიანი განყოფილებაში არ მოგვიყვანია მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა. პოლიციის მუშაკი განყოფილებაში იმყოფებოდა 15:00  საათიდან და იგი იღებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას, რომლის შემდგომ მიღებული უნდა ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ, ვერ დავეთანხმები იმას, რომ ვინმე ელოდებოდა ბავშვის გარდაცვალებას და მხოლოდ ამის შემდეგ იყო აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული“ ,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანია დაკავებული