ლოკდაუნმა ბრიტანეთში ბავშვებს დანა-ჩანგლის გამოყენება დაავიწყა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ლოკდაუნმა ბრიტანეთში ბავშვებს დანა-ჩანგლის გამოყენება დაავიწყა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

გაერთიანებული სამეფოს განათლების სტანდარტების ოფისის (Ofsted) განცხადებით, პანდემიამ ინგლისში ბავშვების უმეტესობას ნასწავლი დაავიწყა, გარკვეულ ნაწილს კი სოციალური უნარები დაუქვეითა.

Ofsted-ი ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტია, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული და მისი მოვალეობა განათლების მეთვალყურეობაა. ოფისის ცნობით, პატარა ასაკის ზოგიერთ ბავშვს დანა-ჩანგლის ხმარება დაავიწყდა, აღარ იყენებენ ხელსახოცებსაც.

ოფისის ინსპექტორები იუწყებიან იმასაც, რომ უფრო მოზრდილმა ბავშვებმა დაკარგეს „ამტანობა“ კითხვის დროს. ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს გახსნილი სკოლების საჭიროებაზე.

900-ზე მეტ სკოლასა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვიზიტის შედეგად, Ofsted-მა ბავშვებზე COVID-19-ის პანდემიის გავლენა შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ გამოცდილება ძლიერ არაერთგვაროვანია.

უფროსი ინსპექტორი, ამანდა სპილმენი აღნიშნავს, რომ მომხდარის აღსაწერად, უნდა გამოვყოთ სამი ფართო ჯგუფი:

  • სკოლიდან შესვენების გამო ყველაზე მეტად დაზარალებული მცირეწლოვან ბავშვთა ჯგუფია, რომლებსაც შეუმცირდათ სიტყვათა მარაგი, დაავიწყდათ რიცხვები, რეგრესი განიცადეს ისეთ საბაზისო უნარებშიც, როგორიც არის ხელსახოცისა და დანა-ჩანგლის გამოყენება.
  • სკოლების დახურვისა და მოძრაობის აკრძალვის შემდეგ, საშუალო ასაკის ბავშვების უმეტესობას სხვადასხვა ხარისხით დაუქვეითდა ცოდნა; როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, „ნასწავლის დავიწყება დაუსაბუთებელია, მაგრამ შესაფასებლად მაინც ძნელია“.
  • არიან ბავშვებიც, რომლებზეც ლოკდაუნს დადებითი შედეგი აღმოაჩნდა; ამ ბავშვებზე შეიძლება კარგად იმოქმედა მშობლებთან სიახლოვის დიდმა განცდამ და ოჯახში გატარებულმა დრომ.

Ofsted-ის ცნობით, უფრო მოზრდილ ბავშვებში სკოლებში დაბრუნების შემდეგ შეინიშნება კონცენტრაციის დაკარგვა; გარდა ამისა, ლოკდაუნის დროს სოციალურ მედიაში დაწყებულმა „ონლაინ-კინკლაობებმა“ ახლა უკვე საკლასო ოთახებში გადაინაცვლა.

თუმცა, ინსპექტორები აღნიშნავენ, რომ სკოლები მაინც არის პანდემიის დროს ბავშვებში წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემების ერთგვარი „ცეცხლის ჩამქრობები“.

ბრიტანეთის სკოლებისა და კოლეჯების ასოციაციის (ASCL) უფროს მასწავლებელთა ხელმძღვანელის, ჯეოფ ბარტონის განცხადებით, „ეს ანგარიში მტკიცედ მიუთითებს სკოლების დახურვის საგანმანათლებლო და ემოციურ გავლენაზე და ნათლად გვიჩვენებს, რატომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სკოლები არ დაიხუროს“.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.