ჯანდაცვის სამინისტრო - ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტრო - ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს. საუბარია კლინიკის დაგეგმარებასა და დიზაინზე, ასევე პალატებისა და ოთახების მოწყობის სტანდარტებზე.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. საუბარია როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მიმართულებებზე. პირველადი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნენ.

ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა.