პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი იხსნება
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზი იხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ვაჟა-ფშაველას სახელობის სამკითხველო დარბაზი და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნება. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველად დარეგისტრირება სწორედ ამ განახლებულ, კომფორტულ და მყუდრო გარემოში იქნება შესაძლებელი.

ვაჟა-ფშაველას სამკითხველო დარბაზში გამოფენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში დაბეჭდილი უნიკალური გამოცემები, მისი პორტრეტები და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ვაჟას ხელნაწერები.

ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე კერძო სექტორის მხარდაჭერით მოეწყო.

„ვაჟა-ფშაველას აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში  წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში არსებობა – ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება” ,- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.