ზვიად ჭუმბურიძე - საქართველოთი დაინტერესებისთვის ინვესტორს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ
საქართველოთი დაინტერესებისთვის ინვესტორს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ, რადგან ამ პერიოდში ყველაზე მეტად ინვესტიციები გვჭირდება, რათა ეკონომიკა განვითარდეს, – ამის შესახებ „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ხელმძღვანელმა, ზვიად ჭუმბურიძე, ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ეკონომიკური ვითარებისა და ლარის კურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანაში მეტი ინვესტიციაა საჭირო.
„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა კარი გავხსნათ, ყველაფრის უფლება მივცეთ ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომ მარტივად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყონ ბიზნესაქტივობა. რა თქმა უნდა, ღია ვართ და ამისთვის ყველა პირობა არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შემთხვევაში ინიციატივას, რომ საჭიროა რაღაც ბერკეტები გქონდეს, რომელიც მხოლოდ ინვესტორზე იმუშავებს დადებითად და არა ადამიანებზე, რომლებსაც მხოლოდ ბინადრობის უფლება სურთ“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
მისი თქმით, ეს საკითხი ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
„ცოტა ადრეც რომ გაგვეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, ინვესტორი უნდა შემოვიდეს, მას ყველა პირობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფარველი ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ უნდა, რომ მაგალითად, შავი ფული დარიცხოს საქართველოში, შემოვიდეს, დაფუძნდეს მხოლოდ ბინადრობის უფლებით და ბიზნესი არ აწარმოოს. აქ დეფინიცია აშკარად უნდა მოხდეს“, – განაცხადა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ხელმძღვანელმა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისთვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას. ასევე, არეგულირებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.