იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტი ითვალისწინებს საინვესტიციო, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისთვის და D5 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლების ცვლილებას. ასევე, არეგულირებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის და მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, ივლიანე წულაიამ სხდომის მონაწილეებს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები გააცნო.

მისი თქმით, იმისთვის, რომ უცხოელმა ერთწლიანი ბინადრობის მოწმობა აიღოს, უნდა შეიძინოს უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 ათასი დოლარის ეკვივალენტს ლარში,ნაცვლად 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტისა;

„უცხოელს შრომითი ბინადრობის ნებართვის აღება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. ასევე, განისაზღვრება მინიმალური ანაზღაურება თითოეული დასაქმებულისთვის და თუ შეწყდა შრომითი ურთიერთობა, კომპანიამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს იუსტიციის სამინისტროს იმისთვის, რომ გაუქმდეს შრომის ბინადრობის ნებართვა;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, თუ მან საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ნაცვლად 300 000 ლარისა;

მუდმივი ბინადრობის ნებართვის აღების მსურველ უცხოელზე ასეთი ნებართვა თავიდან მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ყოველწლიურად წარმოადგენს 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტს;

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში უდასტურდება ყოველწლიური არანაკლებ 120 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ბრუნვა და ამავე დროს, შენარჩუნებული აქვს 300 ათასი აშშ დოლარის ინვესტირება, შეეძლება აიღოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას”, – განაცხადა წულაიამ.