სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა, დასაშვები გახდეს
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.
დეპუტატის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სამედიცინო და უმაღლესი სასწავლებლების გარე ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია, რაც პრაქტიკაში კონფლიქტის წყარო გახდა.
„საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი განმარტებით, საერთაშორისო მასშტაბით, ქვეყნები მსგავს აკრძალვამდე ეტაპობრივად მივიდნენ, მოწევა ჯერ შესასვლელიდან გარკვეულ მანძილამდე აიკრძალა, შემდეგ კი – სრულად.
„ამაში გარე ტერიტორია იგულისხმება, რადგან შენობაში მოწევა აკრძალულია და ეს ასეც დარჩება“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ზოიძის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, თამბაქოს მოწევა ღია სივრცეებშიც აიკრძალება.
„ერთ-ერთ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, თითქოს, შესაძლებელია, თამბაქოს მოწევა ღია სივრცეებშიც აიკრძალოს, რაც აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა. ეს ამ კანონის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს სპექტაკლის მიმდინარეობისას თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებითაც.
„დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადება იყო, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მოვიფიქრებთ“, – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება, აკრძალვა მოქმედებს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.