ტაილანდის მღვიმეში მიმდინარე სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ადგილზე შექმნილ საგანგებო შტაბში განაცხადეს, გადარჩენილი ოთხი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია.
შტაბის წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე ოთხი ბავშვის გადარჩენა დაადასტურეს, თუმცა ადგილობრივი მედია წერდა, რომ მღვიმიდან ექვსი მოზარდია გამოყვანილი.
როგორც შტაბის ხელმძღვანელები ამბობენ, სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდება, რადგან აუცილებელია, რომ მღვიმეში ჟანგბადის მაჩვენებელმა მოიმატოს. ამას კი სულ მცირე 10 საათი სჭირდება.
როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია?
საგანგებო შტაბში განაცხადეს, რომ სამაშველო ოპერაციაში 90 მყვინთავი მონაწილეობს, 40 ტაილანდიდან და 50 უცხოელი. ისინი გამოქვაბულში რიგრიგობით შედიან.
თითოეულ მოზარდს თან ახლავს ორი მყვინთავი, რომელიც სპეციალურად გაყვანილ თოკს მიჰყვება.
ოპერაციის დროს მოზარდებს უწევთ ვიწრო გასასვლელებში გაძრომა, მღვიმის კედლებზე ხოხვა, ასევე ფოფხვა და ყვინთვა. ყველაფერი ეს სრულ სიბნელეში ხდება. ბავშვებს სპეციალური ნიღბები უკეთიათ. მათ თანმხლებ მყვინთავებს კი ჟანგბადის ავზები მოაქვთ.
მიწისქვეშეთიდან მოგზაურობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. მთავრი მიზანი ე.წ. მესამე პალატაში მისვლაა, სადაც მყვინთავებს ბაზა აქვთ მოწყობილი. აქედან ბავშვები უკვე ფეხით გადიან მღვიმიდან და ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, ტაილანდელმა მოზარდებმა და მათმა მწვრთნელმა მღვიმეში 16 დღე გაატარეს. მათ ნაწილს კიდევ ერთი ღამით გამოქვაბულში დარჩენა მოუწევთ, რადგან ოპერაცია ხვალ დილიდან გაგრძელდება.