ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გადაიდო.
პროცესის გადადების შუამდგომლობა სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააყენა, ვინაიდან სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება ვერ მოესწრო. შსს-ს დოკუმენტაციის წარსადგენად, სადაც კარვების გაშლის დაუშვებლობა იქნება დასაბუთებული, ვადა 15 ნოემბრამდე განესაზღვრა.
მანამდე, ზაზა სარალიძემ მოსამართლეს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ კარვის გაშლის უფლება მიეცემა.
„4-დან 7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მოსამართლევ, იმედია, მოგვცემთ კარვების გაშლის საშუალებას, რადგან კარვების გარეშე ავად ვხდებით და საავადმყოფოდან საავადმყოფოში გვიწევს გადასვლა. მაქვს კარვის გაშლის უფლება და რატომ მიკრძალავენ“, – აღნიშნა სარალიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელი შეიტანეს. ისინი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვას ასაჩივრებენ.