საბერძნეთში ხანძარის გამო, საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელ ხაზზე +306995779793 შეუძლიათ
საქართველოს საელჩო ათენში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება, საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საელჩოს ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ექნება.
ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, მათ გუშინ ღამის განმავლობაში საქართველოს სამი მოქალაქე დაუკავშირდათ, რომელთაც გაეწიათ დახმარება. ერთი კი, საკონსულოს თანამშრომლებმა ხანძრის ზონიდან გამოიყვანეს.
„ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც შესაბამისი დახმარება გაეწიათ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით, უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანაშრომლების მიერ ხანძრის ზონიდან გამოყვანილი იქნა.
მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელეთ საქართველოს საელჩოსთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე +306995779793 და კვლავ მოგვაწოდოთ ინფორმაციები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე, რაზეც საქართველოს საელჩოს, როგორც ყოველთვის, მყისიერი რეაგირება ექნება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის სიახლოვეს, ტყეში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.