გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური, პასუხისმგებელი პირები უკიდურესად დაისჯებიან
გიორგი გახარია - ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური, პასუხისმგებელი პირები უკიდურესად დაისჯებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 მუშაობის მიმართ მოქალაქეთა კრიტიკა ობიექტური იყო.

როგორც გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად.

„ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო ორი-სამი დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა გადასცდა 300 ათასს. ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი. მაგრამ 144, როგორც იდეა მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის, იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.