პირველი კლასის მოსწავლის წიგნები ერთ კილოგრამზე მეტი წონის აღარ იქნება
პირველი კლასის მოსწავლის წიგნები ერთ კილოგრამზე მეტი წონის აღარ იქნება

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარე კვირაში  დასრულდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თემურ მურღულიამ განაცხადა.

მისი თქმით, გრიფის მინიჭების მოთხოვნით, უწყებაში 112 განაცხადი შევიდა, საიდანაც გრიფირება წარმატებით ამ ეტაპზე 64-მა გაიარა.

„პროცესი გრძელდება და კიდევ რამდენიმე სახელმძღვანელოს შესახებ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მივიღებთ. შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა – რეცენზირება და გრიფირების კომისიის შეფასება. წინა სახელმძღვანელოებთან შედარებით, ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისი თქმით, მშობლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სახელმძღვანელოების წონა.

„ჩვენ სახელმძღვანელოების დაყოფისა და ქაღალდის წონის შემცირების მეშვეობით შევძელით, რომ პირველი კლასის მოსწავლეს არ მოუწევს ერთ კილოგრამზე მეტი ტვირთის ტარება“, – განაცხადა მურღულიამ.

მისი ინფორმაციით, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს საქართველოში არსებულ ექვს სტამბაში ბეჭდავენ და თუმცა, სახელმძღვანელოების დაბეჭდვა შეუძლია ყველა სტამბას, რომელიც უწყების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თემურ მურღულიას თქმით 17 სექტემბრისთვის ყველა სახელმძღვანელო დაბეჭდილი იქნება. წელს სულ 3 მილიონ 800 ათასი სახელმძღვანელო უნდა დაიბეჭდოს, პირველ ეტაპზე 2 მლნ 400 ათასი იბეჭდება.