სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს
სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს

სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს, – ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საკითხის შესწავლის პროცესში ხარვეზების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ყოველდღიურად იღებს.

„მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ფაქტობრივად, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე და შემდეგშიც არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ გრიფირების პროცესში ჩანდა და ჩანს მნიშვნელოვანი ხარვეზები. სამწუხაროა, რომ პროცესის ფინალურ ეტაპზე ამ რეალობაში აღმოვჩნდით. აღნიშნულ საკითხს სწავლობს აუდიტი და ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ ახალ ინფორმაციას ხარვეზების შესახებ, თუმცა შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვაპირებთ შეხვედრას გამომცემლებთან, რომ მოვუსმინოთ და მივიღოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა მხარისგან. არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხის გარეშე. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს მოსწავლეებმა აუცილებლად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები უნდა მიიღონ“, – აცხადებენ სამინისტროში.

სახელმძღვანელოების ნაწილს გრიფი მიმდინარე წლის 24 ივლისს მიენიჭა, თუმცა მინისტრის მოადგილის, თემურ მურღულიას ბრძანებით, რომელიც 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, ბათილად იქნა ცნობილი გრიფის მინიჭების გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსა (გამომცემლობა „ტრიასი“) და პირველი-მეექვსე კლასებისთვის განკუთვნილი მათემატიკის სახელმძღვანელოსთვის (ელფის გამომცემლობა). „გამომცემლობა ელფი“-ში განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

გარდა ამისა, გრძელდება სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხის განხილვა საგნებში, რომელიც წელს პირველად ინერგება – „მე და საზოგადოება“, „ჩემი საქართველო“.