პირველი აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება დაიწყება
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმების მიზნით, მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულებაზე მსჯელობენ.
მისი თქმით, არანებაყოფლობით ინსპექტირებას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს.
ბარკალაიას თქმით, კანონპროექტის მიღების მიუხედავად, სანქციების ამოქმედებამდე არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც მძიმე და საშიშ პირობებიანი სამუშაოების ნუსხა უნდა დამტკიცდეს. ნუსხის საბოლოო ვერსია უკვე შეთანხმებულია და ის მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.
მინისტრის მოადგილის თქმით, ნუსხაში დაახლოებით 42 საწარმო შევა. ამ ეტაპის შემდეგ კი, კომპანიებს სამოცდღიანი ვადა ექნებათ დასარეგისტრირებლად, რის შემდეგაც სანქციები ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიმდინარე წლის 7 მარტს მიიღო. კანონის თანახმად, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ. კანონს შემოაქვს ახალი პოზიცია – შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე საწარმოში. ასევე ის აგებს პასუხს, თუკი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რაიმე ინციდენტი ან უბედური შემთხვევა მოხდება. კანონის თანახმადვე, შრომის ინსპექტორს შეუძლია ობიექტზე შესამოწმებლად გაუფრთხილებლად მივიდეს. მანამდე ეს უფლება მას მხოლოდ კომპანიის ნებართვით ჰქონდა. ძველი კანონით შრომის ინსპექციას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების მიცემის უფლება გააჩნდა, ახალი კანონით კი გაფრთხილების გარდა, ფულადი ჯარიმების გამოწერის საშუალებაც მიეცემა. ჯარიმების ოდენობა დარღვევების სიმძიმისა და საწარმოს სიდიდის მიხედვით განისაზღვრება და 100-დან 50 ათას ლარამდეა. კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინსპექციას სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც ეძლევა, თუმცა ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო.