მიხეილ ბატიაშვილი - შევეჩვიოთ კანონისა და პროცედურების დაცვას, შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხს სააპელაციო საბჭო გადაწყვეტს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საკითხს სააპელაციო საბჭო გადაწყვეტს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, IBSU-სთან დაკავშირებული დასკვნა ავტორიზაციის საბჭოს ეკუთვნოდა. უნივერსიტეტი კი, ამჟამადაც ფუნქციონირებს და სტუდენტები ჩვეულებრივ იღებენ განათლებას.
„დასკვნა ავტორიზაციის საბჭომ ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა. უნივერსიტეტი არ დაეთანხმა ამ დასკვნას და პროცედურის მიხედვით, დოკუმენტების აპელაციაზე წარდგენა ხდება, რომელიც საკითხს განიხილავს. მთავარია, დავიცვათ პროცედურები, კანონი და დადგენილი ვადები. შესაბამისად, სააპელაციო საბჭო გადაწყვეტს უნივერსიტეტის ფუნქციონირების საკითხს. თავისთავად, უნივერსიტეტი დღესაც ფუნქციონირებს, სტუდენტები დღესაც სწავლობენ და მათ საფრთხე ნამდვილად არ დამუქრებიათ. დანარჩენი საკითხი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება. შევეჩვიოთ კანონისა და პროცედურების დაცვას. არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, ქართული იქნება თუ სხვა, ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სახელმწიფოში, სადაც არსებობს კანონები და შესაბამისად, ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ კანონს და როგორც სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაში, ამ საკითხის განხილვაც კანონის იმავე პროცედურებით მოხდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული კომენტარი ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. „დაუდექით გვერდით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს! გთხოვთ, ხელი მოაწერეთ პეტიციას. ნუ მისცემთ ერდოღანს საშუალებას, დაასუსტოს კანონის უზენაესობა საქართველოში“, – დაწერა რებეკა ჰარმსმა „ტვიტერში“.