მამუკა ბახტაძე - წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებლის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რაც სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, უახლოეს წლებში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო ლიდერი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტი იყო, წელს კი, ამ ციფრის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რაც მისივე შეფასებით, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს.
„ჩვენი ამოცანაა, გლობალური ეკონომიკაში საქართველოს ეკონომიკის უფრო ეფექტურად ინტეგრირება მოხდეს. აქედან გამომდინარე, საქართველო იცავს და ყოველთვის დაიცავს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. მსურს, ასევე შევეხო ჩვენი საკრედიტო რეიტინგების დინამიკას. კომპანია Moody’s-მა შარშან შემოდგომაზე გაგვიუმჯობესა რეიტინგი და ამასთან ერთად, დარჩენილი ორი საკრედიტო სააგენტო ძალიან პოზიტიურად აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. პარლამენტში წარდგენილი ჩვენი პროგრამის მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ამოცანა იქნება, საქართველომ მოიპოვოს საკრედიტო რეიტინგი. ეს ნიშნავს დღეს არსებული სტატუს-კვოს ორი საფეხურით გაუმჯობესებას. ინვესტორებისთვის კი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციების თვალსაზრისით, ქვეყანა, რომელიც უკეთეს პლატფორმას შემოგთავაზებთ იმისთვის, რომ რეგიონში აკეთოთ სტაბილური და სწრაფად ზრდადი ბიზნესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდ მაჩვენებლზეც ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს ამ თვალსაზრისით ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსრიდა.
„ძალიან გვიხარია, რომ ამ ინვესტიციებში იტალიური კომპანიების წვლილი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვნად იზრდება იმ ნომენკლატურის ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ სავაჭრო ბრუნვაში გვიფიქსირდება როგორც ევროკავშირთან, ასევე იტალიასთან, რაც ნათლად მიუთითებს იამზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე სასაქონლო ჯგუფზე ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში. ეს ძალიან კარგი სიგნალია და ჩვენ ამ სავაჭრო ბრუნვის შემდგომ დივერსიფიკაციას აუცილებლად ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ექსპორტის თვალსაზრისით არსებულ პროგრესს გაუსვა ხაზი.
„შარშან თითქმის 30 პროცენტით გაგვეზარდა ექსპორტი და წელსაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკაა. პირველი ექვსი თვის განმავლობაში კიდევ 28 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სავაჭრო რეჟიმები, რომელსაც საქართველომ ხელი მოაწერა, ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოდან ექსპორტის პოტენციალის გაზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ ჩვენ იტალიიდან შევძლოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღება ისეთ სექტორებში, როგორიც არის მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მამუკა ბახტაძემ, ასევე, თბილისში ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიმართეს.