მამუკა ბახტაძე - ცენტრალიზებული საჯარო შესყიდვები ხარჯების შემცირების საშუალებას მოგვცემს
საჯარო შესყიდვების ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით განხორციელება სახელმწიფო სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვისა და საჯარო შესყიდვების ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრემიერის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირების საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში და სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის.
„სწორედ ამიტომ, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალური ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას, უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტურად ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები, ამავე დროს, შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი; მოვახდინოთ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც სახელმწიფო შესყიდვების უკეთესი კოორდინაციის, შესაძლო კორუფციული რისკების შემცირებისა და პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ სავარაუდოდ, დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიზოგება.