ლაშა ნიკოლაიშვილი - დავალიანების განულების დადებითი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ და ფონდმა „ქართუმ“ გადადგეს, ეკონომიკას კარგ სტიმულს მისცემს
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი მთავრობის ინიციატივას დავალიანების განულებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, საქართველოში არსებობდა მოსახლეობის ჯგუფი, რომელიც ძირითადად ლეგალური ეკონომიკური საქმიანობიდან მთლიანად გამოთიშული იყო.
„მათ ჰქონდათ ლეგალურად დასაქმების სურვილი, მაგრამ რადგან ძალიან კაბალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, აღარ ჰქონდათ ინიციატივა შესულიყვნენ თეთრ ბიზნესებში, ანუ აეღოთ ხელფასი, ემუშავათ და ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრათ. ეს არის უდიდესი საჩუქარი, რომელიც ძალიან მისასალმებელია. ჩვენს კომპანიაშიც გვყავდა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც საკმაოდ ნორმალური პირობები ჰქონდათ, მაგრამ იძულებული გახდნენ, სამსახურიდან წასულიყვნენ და გადასულიყვნენ ისეთ ბიზნესებზე, სადაც ქეშით არის გადახდა – ტაქსის მომსახურება, ძიძები. დატოვეს ისეთი სამსახურები, სადაც ოთხი-ხუთი წელი მუშაობდნენ“, – განაცხადა ნიკოლაშივილმა.
მისი თქმით, ონლაინ სესხების გამო, შესაძლებელი იყო მათი ქონების, ხელფასებისა და ყველა საბანკო ჩარიცხვის დაყადაღება.
„ამან გამოიწვია შავი ეკონომიკის წახალისება. ასეთი რამ არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ მოხდებოდა, ონლაინ სესხები ცივილურ ქვეყანას ასე ვერ დააკაბალებდა. კიდევ ერთხელ მინდა, პრემიერ მამუკა ბახტაძის ინიციატივას მხარი დავუჭირო. ის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი იყო და პირველად მან მოახერხა ქვეყანაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დაეწია. აბსურდული პროცენტები მოქმედებდა, 800-900 პროცენტი, რამაც მოსახლეობა სერიოზულად დააზარალა“, – განაცხადა მან.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, დადებითი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ, სახელმწიფომ და ფონდმა „ქართუმ“ გადადგეს, კარგ სტიმულს მისცემს ეკონომიკას.
„მოვისმინე რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ ამ ხალხს ვალები არ უნდა ჩამოეწეროთ, ესენი მაინც არაფერს გადაიხდიან, ეკონომიკაში არაფერში გამოგვადგება და ა.შ. გამოვიდა, თითქოს, ეს ხალხი არის უვარგისი, რომელიც არაფერში გვჭირდება, მაგრამ მინდა მოგმართოთ, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენი მომავალია. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პირობებს გამოვუსწორებთ, ეს ძალიან კარგია.
ხშირად ისმის კითხვა, ეს ადამიანები შეიძლება თუ არა ისევ აღმოჩნდნენ ანალოგიურ მდგომარეობაში. აქ უკვე დგება სახელმწიფოს და რეგულატორის დიდი როლი. ღრმა რწმენა მაქვს საქართველოს ეროვნული ბანკის, ის მოწოდების სიმაღლეზე დგას“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დაცვის იმდენი ბერკეტი სახელმწიფოსთან ერთად, რომ ეს ადამიანები მეორედ ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდნენ.
ამასთან, ლაშა ნიკოლაიშვილის თქმით, რეგულაციები გარკვეულწილად მისი კომპანიის მოგებასაც შეეხო.
„ჯარიმები იყო მაღალი და შემცირდა, მაგრამ მირჩევნია, სახელმწიფომ ჯარიმები შეამციროს და ხალხი კარგად იყოს, ვიდრე ლოკალურად მოგებაზე ვიფიქროთ, რადგან, როდესაც ქვეყანა, ხალხი კარგად არის, ეს დადებითი ეფექტია“, – აღნიშნა „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.