სესხების განულებასთან დაკავშირებულ ვებგვერდზე დღეს და ხვალ „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება
სესხების განულებასთან დაკავშირებულ ვებგვერდზე დღეს და ხვალ „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება

სესხების განულების ინიციატივასთან დაკავშირებულ ვებგვერდზე დღეს და ხვალ „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა მონაცემები აიტვირთება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვებგვერდი დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება.

„დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ვებგვერდზე ბაზებს ყოველდღიურად დაემატება შესაბამისი ინფორმაცია.

„ყოველ დღე დავამატებთ ამ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება. 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე მოხდება სხვადასხვა პერიოდულობით ჩვენი მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“. ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების დიდი ნაწილი ახალ წელს ამ ძალიან მტკივნეული პრობლემის გარეშე შეხვდება “, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს 24 საათიანი მუშაობა. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ასევე ფონდი „ქართუ“, რომლის მხარდაჭერითაც აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება.