კობა გვენეტაძე - დავალიანების განულების ინიციატივა არის ერთჯერადი აქცია, მაგრამ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის
კობა გვენეტაძე - დავალიანების განულების ინიციატივა არის ერთჯერადი აქცია, მაგრამ ძალიან კარგი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის

ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და დავალიანების განულების ინიციატივის პროცესში მისი როლი ორ ბიზნეს სუბიექტს შორის გარიგებასთან დაკავშირებით გარკვეული კონსულტაციაა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დეპუტატ რომან გოცირიძეს უპასუხა.

რომან გოცირიძე დაინტერესდა, აღნიშნული კომერციულ გარიგებაში რა როლი აქვს ეროვნულ ბანკს და რატომ არის ჩართული პროცესში.

„ეროვნული ბანკის როლი ამ შემთხვევაში არის ორ ბიზნეს სუბიექტს შორის დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად კონსულტანტის როლის თამაში, რადგანაც გარიგება ხარვეზების გარეშე წარიმართოს. აღნიშნეთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან იყო შეხვედრა. ეროვნულ ბანკში იყო ეს შეხვედრა, რომელიც  თავად მიკროსაფინანსოებმა გვთხოვეს. როდესაც მათ მოლაპარაკება ჰქონდათ „ქართუ“ ფონდთან, რომელიც გრძელდება, იყო გარკვეული საკითხები დაბეგვრასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ ზუსტად გაეგოთ რას ნიშნავდა ეს იურიდიული და საგადასახადო თვალსაზრისით, შედგა შეხვედრა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც იყო ეროვნულ ბანკში“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, დავალიანების განულების ინიციატივით, მოქალაქეთა ამ ჯგუფს მიეცემა საშუალება,  ოფიციალურად დასაქმდნენ და ეკონომიკის განვითარებაში თავიანთი კონტრიბუცია შეიტანონ.

„ამ მხრიდან თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ეს დადებითი მომენტია და ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად უნდა იმოქმედოს. ბევრჯერ იყო აღნიშნული ერთი ფაქტორი და მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ურისკო ქმედება არ არსებობს და შეიძლება, ამასაც ახლდეს გარკვეული რისკი. ეს არის ე.წ. მორალური რისკი, რომ მომავალში შეიძლება, იფიქრონ მსესხებლებმა, აი მეც არ გადავიხდი ამ სესხს.. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ერთჯერადი აქცია და მომავალში ასეთი რამ აღარ გაკეთდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გალარების სოციალური აქციაც ერთჯერადი იყო.

„ეს არის ერთჯერადი აქცია, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი შანსი მოქალაქეებისთვის, რომ მათ სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ძველი შემთხვევები და უფრო ფრთხილად იყვნენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ებმის პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღებას, რომელიც წლის ბოლოს შევა ძალაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ პრინციპების შემოღებით, მომავალში აღარ გაიცემა ისეთი სესხი, რომლის მომსახურებასაც მოქალაქეები ვერ შეძლებენ.