ზაქარია ქუცნაშვილი - კობა გვენეტაძის პარლამენტში მოწვევა უფრო განპირობებულია მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე საცალო ვაჭრობაში წარმოშობილი შეზღუდვების დარდით
ზაქარია ქუცნაშვილი - კობა გვენეტაძის პარლამენტში მოწვევა უფრო განპირობებულია მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე საცალო ვაჭრობაში წარმოშობილი შეზღუდვების დარდით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციის მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის საკანონმდებლო ორგანოში მოწვევა უფრო განპირობებულია ცნობილ საქმეებზე მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე მოქალაქეების საცალო ვაჭრობაში წარმოშობილი შეზღუდვების დარდით.

როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ სიღარიბის გამომწვევი მიზეზების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შექმნისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან საბანკო შეზღუდვებთან დაკავშირებით ძირითადი რეგულაციები ამოქმედდა და სულ მცირე ექვსი თვე უნდა გავიდეს, რომ ანალიზი გაკეთდეს.

„ის, რომ საცალო ვაჭრობის დონეზე აქტივობა შემცირდებოდა, ეს თავიდანვე ვთქვით. ბუნებრივია, ეს განვადების ნასყიდობას შეამცირებდა. როცა შემოსავალი არ გაქვს, ბანკი სესხს აღარ გაძლევს. თუ ოპოზიცია ამის იქეთ ისეთ პროცესს ხედავს, რაც სამომხმარებლო თუ საცალო ვაჭრობას აზიანებს, ეს უნდა თქვან, მაგრამ ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან სამი თვე არ გასულა. მგონია, რომ კობა გვენეტაძის მოწვევა უფრო განპირობებულია მასზე თავდასხმის სურვილით, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების საცალო ვაჭრობაში წარმოშობილი შეზღუდვების დარდით. ოპოზიციას ღამე არ სძინავს იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეები საცალო ქსელში განვადებით ტელეფონებს ვეღარ ყიდულობენ. სამი თვის შედეგებსაც უნდა დავაკვირდეთ და აუცილებელი არ არის, ექვსი თვე გავიდეს, მაგრამ ორი კვარტლის შედეგები ვითარებას უფრო აჩვენებს, რადგან ზამთრის პერიოდი პასიურია, მათ შორის მშენებლობისა და ტურიზმის სექტორი. ზაფხული-გაზაფხული ბევრად უფრო აქტიურია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს იბარებს. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ანგარიში მავნებლურ საბანკო რეგულაციებზე უნდა წარადგინოს.