კახა კუკავა კვარიათში მცხოვრებ მემიშიშების ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს
პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა კვარიათში, მემიშიშების ოჯახში იმყოფება, რომლებმაც საცხოვრებელი სახლი კერძო იპოთეკარების სასარგებლოდ დაკარგეს და დღეს მათი გამოსახლება იგეგმება. ადგილზე სამართალდამცველებს ელოდებიან.
მემიშიშები ამტკიცებენ, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ და მათ ქონება მოტყუებით ერთ-ერთმა კომპანიამ წაართვა, რომელმაც საცხოვრებელი სამი იპოთეკარის სასარგებლოდ დატვირთა და ვალი არ გადაიხადა.
კახა კუკავას განცხადებით, ასეთი უამრავი შემთხვევა არსებობს, პროკურატურა კი, დაზარალებულების ნაცვლად, მევახშეებს იცავს.
„მინდა, პრემიერ-მინისტრს მივმართო – ქონება, რომელიც შეფასებულია 300 ათას დოლარად, 22 ათას ლარად გაიყიდა. ასეთი უამრავი შემთხვევაა. იმის მაგივრად, რომ სამართალდამცველები დაზარალებულს იცავდნენ, პროკურატურა მევახშეებს იცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ოჯახს და სამართალდამცველებს გავუწევთ წინააღმდეგობას“, – განაცხადა კახა კუკავამ.
ადგილზე ოჯახის მხარდაჭერის მიზნით უფლებადამცველები და იპოთეკური სესხებით დაზარალებულები იმყოფებიან.