ირაკლი აბესაძე - კომისიის გამოკვლევით დადასტურდა, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება არაობიექტური და ტენდენციური იყო
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოკვლევით დადასტურდა, რომ საქმეზე გამოძიება არაობიექტურად წარიმართა, – ამის შესახებ კომისიის წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანი ფაქტორიდან გამომდინარე გამოძიება ტენდენციური იყო.
„კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადასტურდა, რომ გამოძიება იყო არაობიექტური, ტენდენციური მირზა სუბელიანის ფაქტორიდან გამომდინარე“, – განაცხადა აბესაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები.
„შსს-ს და პროკურატურას არ ჩაუტარებია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და არ გვაქვს მნიშვნელოვანი გარემოებები საქმეში. ეს მირზა სუბელიანის ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე, პროკურატურის თანამდებობის პირების მონაწილეობით ხორციელდებოდა“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას მართავს. კომისიის წევრები დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.