გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში „ნამდვილ დემოკრატიულ რევოლუციას“ არ გამორიცხავს
გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში „ნამდვილ დემოკრატიულ რევოლუციას“ არ გამორიცხავს

„სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“, – ამ სათაურით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატიას აქვეყნებს.

შკლიაროვი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ შედეგად მიიჩნევს იმას, რომ „საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა შეძლო“.

ამასთან, იგი  დეკემბერში საქართველოში ცვლილებების „ნამდვილ დემოკრატიულ  რევოლუციას“ არ გამორიცხავს.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“. რევოლუცია, სადაც ქვედა და ზედა ფენებს უკვე არ შეუძლიათ და არ სურთ ძველებურად ცხოვრება. რევოლუცია, სადაც არ იქნებიან წაგებულები. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი“, თანამედროვე მსოფლიოში კი ეს ერთადერთი გზაა განვითარებისკენ და ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ“, – წერს შკლიაროვი.

როგორც გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექონოლოგი აღნიშნავს, „ეს ქვეყანაში ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ამის შემდეგ, როგორც თავის დროზე ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიფიქრა, საქართველო გახდება ფაქტობრივად საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც 300 დელეგატისგან შედგება, მათგან 150 პარლამენტიდან“.