გიორგი ქობულია - პირველი სისტემური დაბრკოლება ადამიანური რესურსი, ხალხის განათლება და უნარ-ჩვევებია, რომლებსაც განვითარება სჭირდება
გიორგი ქობულია - პირველი სისტემური დაბრკოლება ადამიანური რესურსი, ხალხის განათლება და უნარ-ჩვევებია, რომლებსაც  განვითარება სჭირდება

საქართველოში ადამიანური რესურსი, ხალხის განათლება და უნარ-ჩვევები, ერთ-ერთი სისტემური დაბრკოლებაა, რომელსაც არსებული ეკონომიკური გამოწვევების გადასაწყვეტად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება გასაწევი საექსპორტო ბაზრებთან ინტეგრაციის მიზნით.

„დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ოთხ სისტემურ დაბრკოლებას: პირველი არის ადამიანური რესურსი, ხალხის განათლება და ხალხის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროებს ძლიერ განვითარებას, რომ ნებისმიერი მიმართულებით დავიძრათ. მეორე – ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციისთვის. საქართველო როგორც ქვეყანა, ვერ იარსებებს შიდა ბაზრის ხარჯზე, ყველა პროექტი, ყველა ინვესტიცია, გარდა მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მათ შორის, საშუალო ბიზნესები უმეტესად ორიენტირებული იქნება ექსპორტზე, ამიტომ, ექსპორტის ბაზრებთან ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

კიდევ ორ სისტემურ დაბრკოლებად მან ინფრასტრუქტურის განვითარება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა დაასახელა.

ქობულიას თქმით, ინფრასტრუქტურაც სწრაფად ვითარდება და კანონმდებლობის დახვეწის კუთხითაც ღონისძიებები განხორციელდა, მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ამასთან, როგორც ქობულიამ აღნიშნა, აუცილებელია, გაძლიერდეს დაგეგმილი ინიციატივების აღსრულების დისციპლინა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქობულიამ ეკონომიკის ოთხი ძირითადი გამოწვევაც დაასახელა:  საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების არადამაკმაყოფილებელი ტემპები; ინდუსტრიალიზაციის, წარმოების დონის აჩქარება; რეგიონების განვითარება; ლოჯისტიკური ჰაბის შესაძლებლობების გამოყენება.