გიორგი ქობულია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების არადამაკმაყოფილებელ ტემპებს ასახელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია ქვეყნის ეკონომიკის ოთხ ძირითად გამოწვევას და შესაბამისად, პრიორიტეტებს ასახელებს.
მისი თქმით, პირველი გამოწვევაა საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების არადამაკმაყოფილებელი ტემპები.
მისი თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაში კიდევ უფრო მეტი მოქალაქის ჩართვისა და ტემპების აჩქარებისთვის, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ამ სფეროში კი, საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.
მეორე გამოწვევად მინისტრობის კანდიდატმა ინდუსტრიალიზაციის, წარმოების დონის აჩქარება დაასახელა.
„ჩვენ გვაქვს უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ძალიან ბევრი ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგრამ ინდუსტრიალიზაციის დონის, ანუ წარმოებების შექმნა, ერთ-ერთი პრიორიტეტია. წარმოების შექმნის გარეშე, ჩვენ ეკონომიკას ვერ დავძრავთ“, – განაცხადა ქობულიამ.
მისი თქმით, მესამე რეგიონების განვითარებაა.
„პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება. ამ მხრივ, დიდი გამოწვევა გვაქვს აგრარული და მომიჯნავე სექტორების განვითარების მხრივ. აღნიშნულ სფეროში დიდი პოტენციალია და მეტის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ქობულიამ.
მეოთხე გამოწვევა კი, მისი თქმით, საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბის შესაძლებლობების გამოყენება დაასახელა.
„ბევრის საუბარია იმაზე, რომ საქართველო დერეფანია და ამ დერეფნის რეალიზაცია უნდა განვახორციელოთ, როგორც ჩვენი დიდი უპირატესობის, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ ეს არასაკმარისად ხდება, მეტი შეგვიძლია“, – განაცხადა მინისტრმა.
ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.