დეკანოზი დავით ლასურაშვილი ითხოვს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული არ იქნება
დეკანოზი დავით ლასურაშვილი წინადადებით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციაში ან მის ქვემდებარე აქტებში ჩაიწეროს, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული, ასევე იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება“.
ამის შესახებ დეკანოზმა დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ეს ახლა უნდა გააკეთოს, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს.
„ჩვენც შეგვიძლია რაღაც შემოგთავაზოთ. გამოსავალს ყველა ვეძებთ და ჩვენც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები გახლავართ. გყავთ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, თქვენ ახლა თუ შეცვლით რამეს, თორემ როგორი აგებულების იქნება შემდეგი პარლამენტები და როგორ იქნება კვოტები განაწილებული, არ ვიცი. ახლა შეიძლება ამის გაკეთება, რომ ჩაიწეროს, გნებავთ კონსტიტუციაში, გნებავთ მის ქვემდებარე აქტებში, თუნდაც ასეთი რამ, რომ „საქართველოში არც ერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება“. ასევე, თავისუფალი განვითარების განმარტებას უნდა ჩამოშორდეს თვითგანადგურებისა და დეგრადაციის შინაარსი“, – განაცხადა დეკანოზმა.
დავით ლასურაშვილი კითხვას სვამს, ვინ მისცა მოსამართლეს უფლება, თავად მოახდინოს იმის ინტეპრეტირება, თუ რას ნიშნავს განვითარება.
„ვინ მისცა მოსამართლეს უფლება ამ მუხლის „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება“ თავისი ნებით, თავისი გონებრივი რესურსით ინტერპრეტირება მოახდინოს, თუ რა ითვლება განვითარებაში. ვხედავ რა გონებრივი რესურსიც აქვთ“, – განაცხადა დეკანოზმა კომიტეტის სხდომაზე.