დავით ზალკალიანი - ქერჩის სრუტეში უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატური უნდა იყოს
აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში მიმდინარე პროცესებს შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, მოვლენები, რასაც ადგილი აქვს, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და მსოფლიო თანამეგობრობა ამას გმობს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია მყისიერი რეაგირება და შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღება.
„მოგეხსენებათ, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოწვეულია. ამ უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობა ადეკვატური უნდა იყოს და სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა დაუყოვნებელი ზომების მიღება“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს უკრაინის შესახებ მკაფიო პოზიცია არ აქვს.
„ვერ დაგეთანხმებით, რომ მკაფიო პოზიცია არ გვაქვს. ყველა საერთაშორისო ინიციატივას ვართ მიერთებული, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, ანექსიას გმობს. ასევე მიერთებული ვართ ევროკავშირის სანქციებს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ფორუმზე, გენერალური ანსამბლეის ფარგლებში, გაერო-ს განცხადებებში უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებზე. საქართველო არის არა მარტო მიერთებული ამ რეზოლუციებზე, არამედ ერთ-ერთი ინიციატორია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქმედება უკრაინასთან მიმართებაში თანმიმდევრულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მომავალშიც ასე იქნება.
რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.