ადვოკატების ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა
ბრალდებული მირზა სუბელიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.
როგორც N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, სუბელიანის გამოკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გადაიდო.
„მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან შეუძლებელი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. არის ძალიან სტრესულ მდგომარეობაში. არც იმ ფაქტს დაგიმალავთ, რომ მას გუშინ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ფიზიკურად გამოკითხვა ვერ ჩატარდა.
ხუციშვილის თქმით, მირზა სუბელიანი ოთხი თვეა, სამარტოო საკანშია.
„ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სუბელიანი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ გამოიკითხება.
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კი, ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკითხზე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ უსაუბრია.
„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მირზა სუბელიანთან მისი ინტერსების დამცველი ადვოკატები შევიდნენ.