მირზა სუბელიანთან შესახვედრად პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ
მირზა სუბელიანთან შესახვედრად პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ

ბრალდებულ მირზა სუბელიანთან შესახვედრად გლდანში მდებარე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სუბელიანის ადვოკატები შევიდნენ.

ბრალდებულისა და ადვოკატების შეხვედრის მთავარი თემა მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერი იქნება, რომელშიც სავარაუდოდ, სუბელიანი ფიგურირებს. თუმცა ადვოკატი, ჩანაწერებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ადვოკატმა, ეკა ხუციშვილმა განაცხადა, ის ჯერ თავისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას მოისმენს.

„გუშინ გავიგე ჩანაწერის შესახებ და დღეს ვხვდებით პირველად. ამ დრომდე, აღნიშნულ საკითხზე არ გვისაუბრია. მისი პოზიცია არ ვიცი და თავს ვიკავებ განცხადებისგან“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით მირზა სუბელიანს პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლები გამოკითხავენ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.