სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა
სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიდან ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული საკითხი მოიხსნა, რადგან საკითხზე მომხსენებელი, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე სხდომაზე არ გამოცხადდა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობამ ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ მსჯელობა ორჯერ მოითხოვა, კომიტეტს განხილვისთვის ვადა 5 თებერვალამდე ჰქონდა, თუმცა მათ განხილვა ორ დღეში დაჩქარებული წესით მოითხოვეს.

ბესელიას თქმით, კომიტეტს საკითხის მომზადებისთვის ვადა სჭირდებოდა. დღეს კი, ის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს უნდა წარედგინა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ბესელიას თქმით, საკითხის წარდგენა „ევროპული საქართველოს” სხვა წარმომადგენელს შეეძლო.

„როცა ვამბობთ, რომ საკითხის განხილვისთვის მზად ვართ, მომხსენებელს ვერ ვხედავ. იმედია, თემა მისი სენსიტიურობის გათვალისწინებით, პოლიტიკური მიზნებისთვის არ იქნება გამოყენებული”, – განაცხადა ბესელიამ.