ლიტვამ რუსეთის 44 მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ვილნიუსმა „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დრომდე ნუსხაში 70 ადამიანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტირკინი. ლიტვის მთვარობა მათ ადამიანების უფლებების მასობრივ დარღვევებსა და კორუფციაში ადანაშაულებს.
„მაგნიტსკის სიის“ გაფართოების შემდეგ, ვილნიუსმა არ გაასაჯაროვა იმ პირთა ვინაობა, ვისაც ლიტვაში შესვლა აუკრძალეს. ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
26 მარტს ლიტვამ სოლიდარობა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობას და სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მოწამვლის გამო, ქვეყნიდან სამი დიპლომატი გააძევა.
სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ Hermitage-ის იურისტი იყო, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.
ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული. ბოლოს აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ 2016 წლის იანვარში განაახლა.