რატი იონათამიშვილი - გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკა სიების შედგენაზე, ძალაუფლება როცა ჰქონდათ, სიები რეალობაში მოჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ
რატი იონათამიშვილი - გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრაქტიკა სიების შედგენაზე, ძალაუფლება როცა ჰქონდათ, სიები რეალობაში მოჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ

გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პრაქტიკა სიების შედგენაზე. ასეთ სიებში ბავშვების შეყვანითაც კი გვემუქრებოდნენ. დღეს გვახსენებენ თავს, როგორი მავნებლური ბუნება და კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა „მაგნიტსკის სიაზე“ კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალაუფლება როდესაც ჰქონდათ, ასეთი სიები რეალობაში მოჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ.

„საუბრობენ ე.წ. პუტირკაზე, რომელიც რუსეთში, მძიმე პენიტენციურ სისტემაში, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოლონიაა. იქ ამ ადამიანს არა მხოლოდ თავისუფლებას უზღუდავდნენ, არამედ დაბინძურებულ წყალსა და ვადაგასულ საჭმელს აწვდიდნენ. სააკაშვილი კი იმყოფება ლუქსნომერში, მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაში. ძალიან უხერხულია ამ ორ ამბავს შორის რაიმე სახის პარალელის გავლება. ვინც ამას კადრულობს, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება ეს უსამართლო პარალელები. „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური პრაქტიკა გვახსოვს სიების შედგენასთან დაკავშირებით. ასეთ სიებში ბავშვების შეყვანითაც კი გვემუქრებოდნენ. გვახსენებენ თავს, როგორი მავნებლური ბუნება და კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ. როცა ძალაუფლება ჰქონდათ, ასეთი სიები რეალობაში მოჰყავდათ, მაგრამ ახლა მხოლოდ საკუთარი უუნარობისა და კრიმინალობის ლუსტრაციას ახდენენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.