ლილოში, სასაწყობე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ჭირნახულის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ პირველ მორეაგირე ჯგუფს რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში ხანძარი დახვდა. შენობაში დასაწყობებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც ართულებდა სამუშაოებს. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.