ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან უკვე მესამე დღეა მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.
გეზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებთან შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მივიდა და რამდენიმე ადამიანს შენობაში შესვლა შესთავაზა, რაზეც მძღოლებმა უარი განაცხადეს.
ამასთან, ხორბლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გეზ-ის გამშვები პუნქტი ტრაილერებით აქვთ ჩახერგილი. აქციის მონაწილეების თქმით, ფინანსთა სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დრო 18:00 საათამდე აქვს. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი ბრძანებას არ გააუქმებს და არ დაუშვებს ისევ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გადაზიდვას, მძღოლები ხვალიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, საინიციატივო ჯგუფი შექმნან.