შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, შექმნან საინიციატივო ჯგუფი
შემოსავლების სამსახური დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ხორბლის იმპორტიორებს მოუწოდებს, შექმნან საინიციატივო ჯგუფი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შექმნილი ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ გეზ-ში ამ დრომდე შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

„დღეს, დაახლოებით 16:00 საათიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეებმა, ხორბლის იმპორტიორებმა, ავტომანქანებით ხელოვნურად ჩახერგეს როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილიც. ადგილზე იმყოფებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებას აქციის მონაწილეებთან“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრას ფინანსთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს სთავაზობდა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც, თუმცა მოლაპარაკების ასეთ ფორმატზე აქციის მონაწილეებმა სამწუხაროდ, უარი განაცხადეს.

„ამ დროისთვის გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კვლავაც მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოუწოდებს ხორბლის იმპორტიორებს შექმნან საინიციატივო ჯგუფი მოლაპარაკების საწარმოებლად“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საავტომობილო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა, თუმცა „გეზი თბილისი“ კვლავ ბლოკირებულია.