ლიკა მუმლაძე - არიან პაციენტები, რომლებიც სასწრაფოს ექიმების, ოჯახის ექიმების მაღალი ჩართულობის გამო, დღეები ელოდებიან ჰოსპიტალიზაციის რიგს, ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ რეალობაა
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 108 პაციენტი მკურნალობს. ლიკა მუმლაძის განცხადებით, ყველა მათგანის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და საყურადღებო.
„მდგომარეობა მართლაც, მძიმეა უკვე მთელ ქვეყანაში, ასევე ჩვენს კლინიკაში. დღევანდელი მონაცემებით, პრაქტიკულად მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტები იცით, რომ კლინიკაში არ ხვდებიან. აქედან გამომდინარე, თითქმის 80% ამ პაციენტებისა არის ჟანგბად დამოკიდებული, მათ სჭირდებათ ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც საკმაოდ რთული საკითხია. ასაკობრივი ზღვარი მაღალია, საკმაოდ. გვყავს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა პაციენტები, მაგრამ სირთულით დაავადება მაინც საშუალო ასაკიდან ზემოთ მიმდინარეობს. ნაკლებად მძიმე სიმპტომატიკით მიმდინარეობს ეს დაავადება პატარებში. რაც შეეხება ზრდასრულ ასაკს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გვყავს მძიმე პაციენტი. დაწყებული 24, 30 წლის ასაკიდან, დამთავრებული მხცოვანი ასაკით“,- განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში არიან სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა პაციენტები, ყოველგვარი თანხმლები დაავადების გარეშე, რომლებმაც ძალიან მძიმე ავადობა გადაიტანეს.
„არ მომწონს ის, რომ აქცენტები კეთდება მხოლოდ იმაზე, რომ მხოლოდ თანმხლები დაავადების მქონე პაციენტი შეიძლება, დამძიმდეს. არ არის ასე. ჩვენს კლინიკაში არიან პაციენტები, რომლებიც არიან სრულიად ჯანმრთელები, ახალგაზრდები, ყოველგვარი თანხმლები დაავადების გარეშე. ის, რომ არ მივიღეთ იქ ლეტალური გამოსავალი, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ძალიან მძიმე ავადობა გადაიტანეს. რა შედეგებს დატოვებს შორეულს, ეს არავინ არ იცის. გვყავს პაციენტები სრულიად ჯანმრთელი, ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრებლები, რომლებმაც გაიარეს რეანიმაციული მკურნალობაც კი. გამოჯანმრთელდნენ, გაეწერნენ ბინაზე, მაგრამ მათი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სჭირდებოდათ რეანიმაციაში მკურნალობაც კი“,- აღნიშნა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა.
მუმლაძის თქმით, პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში კლინიკაში ახალი პაციენტი შედის.
„მთლიანი საწოლ ფონდი, რაც გადაცემული გვაქვს, 111 საწოლზეა ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკა გახსნილი და მუშაობს სრული დატვირთვით. ზოგჯერ, დამატებითი საწოლების გამოყენებაც გვიწევს. ამ მომენტში 114 პაციენტი წევს კლინიკაში. აქედან ხუთი პისიარ კვლევის შედეგს ელოდება, დანარჩენი უკვე დადასტურებული კოვიდია. რა თქმა უნდა, საწოლების პრობლემა იქმნება. ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის გაწერიდან ათწუთიან ინტერვალში შემოდის ახალი პაციენტი. არიან პაციენტები, რომლებიც ძალიან მაღალი ჩართულობის გამო, სასწრაფოს ექიმების, ოჯახის ექიმების, დღეები ელოდებიან ჰოსპიტალიზაციის რიგს. ძალიან ცუდი სათქმელია, მაგრამ ეს რეალობაა.
არიან მძიმე პაციენტები, რომლებიც სახლში იმართებიან. როდესაც ადგილი გათავისუფლდება, სასწრაფოს ამის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას, რათა ასეთი პაციენტის გადმოყვანა მოხდეს. ამიტომ თავისუფალი ადგილის ცნება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს კლინიკებში არსად არ არის. უარის თქმაც, რა თქმა უნდა, მიწევს, ძალიან ხშირად. ძალიან მძიმე სათქმელია უარი. მაქსიმალურ რესურსს ვხმარობთ, ზოგჯერ დამატებით საწოლზე, „ემერჯენსის სტრეჩერზე“, ანუ არასაწოლზე ერთი დღით შეიძლება, მოუწიოს პაციენტს წოლა. პალატაში შეიძლება ვერ მოთავსდეს, იყოს ობსერვაციის დარბაზში და ა.შ. მაგრამ მთავარია, რომ გაეწიოს დახმარება და გვიწევს ასეთ პირობებში მუშაობა.
ხდება თანამშრომლების, მედპერსონალის ინფიცირება, გვაკლდება პერიოდულობით რაღაც ნაწილი თანამშრომლის, რომელიც გადადის იზოლაციაში. მაგრამ ვცდილობთ, ძალიან ვცდილობთ და ჯერ გამოგვდის, რომ ეს არ აისახოს პაციენტზე, ეს არ აისახოს პროცესის წარმართვაზე კლინიკაში. თუმცა თუ ეს მიიღებს მასიურ ხასიათს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნება ამ ყველაფრის გაკეთება. ვიცი, რომ მიდის გადამზადება გარკვეული რაოდენობა სტუდენტების, რეზიდენტების, რომლებიც შეძლებენ ამ ადამიანების მოვლას, მომსახურებას, მკურნალობას“,- განაცხადა ლიკა მუმლაძემ.