მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა. მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატა და ამ დროისთვის კლინიკაში 54 პაციენტი მკურნალობს.

მუმლაძის თქმით, რამდენიმე მძიმე პაციენტია, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამო დამძიმდა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც ე.წ. ლილოს ბაზრობის კლასტერთან არიან დაკავშირებულები, ასევე არის იმპორტირებული შემთხვევები, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ლიკა მუმლაძის ცნობით, გუშინ ორი პაციენტი გაეწერა და დღეს ელოდებიან რამდენიმე პაციენტზე განმეორებითი კვლევის შედეგებს.