მცხეთის სამედიცინო ცენტრში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
მცხეთის სამედიცინო ცენტრში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს ცენტრში მკურნალობას იტარებს 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, – ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

როგორც ლიკა მუმლაძემ აღნიშნა, კლინიკაში არის რამდენიმე მძიმე პაციენტი, რომელსაც სჭირდება პერმანენტულ რეჟიმში ჟანგბადის მიწოდება და ინტენსიური მეთვალყურეობა.

„გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვით სუნთქვა ზე. ეს არის ქალბატონი მრავალი თანმხლები ქრონიკული დაავადებით. ამასთან, გვყავს საშუალოდ მსუბუქი პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია. ჯერ კიდევ გვყავს ლილოს კლასტერი, არიან რუსთავიდან პაციენტები და იმპორტირებული შემთხვევები სატვირთოს მძღოლები. როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები ამბობენ, ამ ეტაპზე არ შეიძლება ვისაუბროთ მეორე ტალღის დაწყებაზე თუმცა, შემთხვევების მატება მაინც უნდა მივაწეროთ იმას, რომ სიფრთხილის ზღვარი დაწია მოსახლეობამ, არ იცავს ისე წესებს, როგორც საჭიროა და ასე ვთქვათ უფრო გავთამამდით. ყველაზე მთავარი და პირველი რეკომენდაცია არის ნიღაბი, დისტანციის დაცვა და ჰიგიენის დაცვა, ხელის ჰიგიენის დაცვა“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, კლინიკაში დღეს ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.