ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს გუშინ ეწვია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პირველი დიპლომატი საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
„ზემოაღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიეტუვის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ვიზიტის ფარგლებში, ლინას ლინკევიჩუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში.
ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს 11 სექტემბერს დატოვებს.