ისტორიული მატჩი | 1990 წლის 27 მაისი - საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ლიეტუვასთან გამართა [ფოტო+ვიდეო] #1TVSPORT

1990 წლის 27 მაისი ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული დღეა – ზუსტად 32 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა.

მატჩი 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს იგეგმებოდა, მაგრამ ამ დღის მნიშვნელობიდან და იმ დროს არსებული რთული და დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი საბოლოოდ 27 მაისს დაიგეგმა, სტადიონზე ბევრი ხალხი რომ მისულიყო.

მანამდე, 1990 წლის 15 თებერვალს, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა, რომელიც იმ დროისთვის არც ფიფა-ს და არც უეფა-ს წევრი იყო, საბჭოთა კავშირის ფედერაცია კი ცდილობდა, დამოუკიდებლობის გამო საქართველოს ფედერაცია დაესაჯა – აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდთან თამაშს ყველა ერიდებოდა.

თბილისში სტუმრობას პოსტსაბჭოეთში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყნის, ლიეტუვის ნაკრები დათანხმდა. მატჩი თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე („ამჟამად „დინამო არენა“) გაიმართა და ფრედ დასრულდა.

ანგარიში მე-12 წუთზე პენალტით სტუმართა თავდამსხმელმა არმინას ნარბეკოვასმა გახსნა. წონასწორობა მეორე ტაიმში საჯარიმო დარტმით გია გურულმა აღადგინა. 4 წუთში ლიეტუველები ვირგინიუს ბალტუშნიკასმა ისევ დააწინაურა, მაგრამ 81-ე წუთზე კახი კაჭარავამ მეტოქის კარი მეორედ აიღო და ისტორიული მატჩის შედეგი დააფიქსირა – 2:2.


საქართველო 2:2 ლიეტუვა


გოლები: 0:1 ნარბეკოვასი (12), 1:1 გურული (62), 1:2 ბალტუშნიკასი (66), 2:2 კაჭარავა (81)

საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კაპ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი)

მწვრთნელი: გივი ნოდია

ლიეტუვა: ვალდემარას მარტინკენასი (86. არვიდას კონციავიჩუსი), ვლადიმირას ბუზმაკოვასი, რუტის ნარუშევიჩიუსი, რომას მაჟეიკისი, არვიდას იანონისი (კაპ) (17. ვირგინიუს ბალტუშნიკასი), რობერტას ტაუტკუსი, რომას ჩირბა, ვალდას ივანაუსკასი, რობერტას ფრიდრიკასი, ვიაჩესლავ სუკრისტოვი, არმინას ნარბეკოვასი

მწვრთნელი: ბენიამინას ზელკიავიჩუსი

მსაჯები: მევლუდ მიმინოშვილი, ჯემალ წერეთელი, ავთანდილ კოკაია

დატოვე კომენტარი