ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი გია კრიალაშვილის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხიდან არ უნდა გათავისუფლდეს
პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და – ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მისი ძმის საქმეზე არ გასამართლებულა და ციხიდან არ უნდა გათავისუფლდეს.
როგორც ლია კრიალაშვილმა განაცხადა, მისი ძმის საქმე უკვე შვიდი წელია პროკურატურაში დევს.
„ვანო მერაბიშვილი, ჩემი აზრით, არ უნდა გამოვიდეს ციხიდან. მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და არ გასამართლებულა, თუნდაც ჩემი ძმის საქმეზე. ჩემი ძმის საქმე უკვე 7 წელია პროკურატურაში დევს და ამაზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა, ამიტომ მივიჩნევ, რომ მას ახალი ბრალი უნდა წარედგინოს. როდემდე შეიძლება საქმეების თაროზე შემოდება. მე პროკურატურასთან მაქვს პრეტენზია და ახლა დიდი იმედით ველოდები ირაკლი შოთაძის დანიშვნას, რომ იქნებ მან მაინც გადაწყვიტოს რაიმე. კაცი, რომელიც ორ გვამს ითხოვს და პრემიები დიდი იქნებაო იძახდა, ამ გაცემული პრემიების სიები პროკურატურაში დევს. მიხეილ სააკაშვილი ითხოვდა, მიწიდან ამოიღეთო გია კრიალაშვილი, ეს პირდაპირი ბრძანება იყო ლიკვიდაციის, დღეს კი საქმე ისევ გაურკვეველია. პროკურატურა აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ აქვთ ამ საქმეზე. ბრძანება გაცემულია, კაცი მოკლულია, პრემიები გაცემულია და რა მტკიცებულებებს ელოდება პროკურატურა? 2009 წლის მაისში ე.წ. ამბოხის სცენარი დაიდგა მაშინდელი ხელისუფლების მიერ, მაგრამ იქ რეალურად იყო დაუმორჩილებლობა. უბრძანეს, რომ აღლუმზე უნდა გამოსულიყვნენ და აქციების დარბევაც იყო ნაბრძანები, ამაზე ჯარი წინააღმდეგი წავიდა. ეს წარმოაჩინა მაშინდელმა ხელისუფლებამ ამბოხად. გიას მოშორება უნდოდათ, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში. გიას ქერჩის ქუჩაზე გზა გადაუკეტეს და დაიწყეს სროლა. გიას ერთი ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი. დანარჩენები დაიჭრნენ 19 ტყვიით. კობა ოთანაძე ამბობს, რომ მერე თარგამაძემ ხელებში დამცხრილაო. მუხროვანში რომ მივიდნენ, ყველანი იქ იყვნენ, სხვათა შორის გიგი უგულავაც, „ნაცმოძრაობამ“ ახლა გმირად რომ გამოაცხადა, თარგამაძეც იქ ბრძანდებოდა, მერაბიშვილიც. კატეგორიულად ვითხოვ ამ საქმის გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
ლია კრიალაშვილი მიმართავს ახლად არჩეულ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი.