ლევან ყიფიანი - ჩაწერა ძირითადად ხდებოდა ზაზა ოქუაშვილის ოფისში, სადაც ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა
ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში, – ამის შესახებ საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიცემულ ჩვენებაშია აღნიშნული, რომელიც პროკურატურამ ვებგვერდზე განათავსა.
„ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან.
მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა ჩვენებაში.
კითხვაზე, „ომეგა ჯგუფის“ წინაშე არსებული დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ან/და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თუ ჰქონდა სატელეფონო ან პირადი კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან, ლევან ყიფიანი პასუხობს, რომ ფარცხალაძესთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არც ერთ დასახელებულ საკითხზე რაიმე სახის კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან არ მქონია და ვერც ვხვდები არსს, რომ მას დავკონტაქტებოდი, რადგან ოთარს ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, სამი წლის წამოსული იყო საჯარო სამსახურიდან და შესაბამისად, მას არანაირი ბერკეტი რომელიმე დასახელებული საკითხის მოსაგვარებლად არ გააჩნდა“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მისივე თქმით, ჩაწერა ძირითადად ზაზა ოქუაშვილის ოფისში ხდებოდა.
„ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა, თუმცა როგორი სახის და რა ფირმის მე არ ვიცი, ხოლო შემდეგ ზაზა ახდენდა ჩვენს მიერ ჩაწერილი საუბრების გადატანას კომპიუტერში, სადაც ვუსმენდით ჩანაწერებს და თუკი საუბრები ზაზას არ მოეწონებოდა ვახდენდით განმეორებით ჩაწერას და როგორც აღვნიშნე, იყო შემთხვევა, რომ რამოდენიმე დუბლიც კი ჩავწერეთ“, – აღნიშნავს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.
კითხვაზე: მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სხვა პირებიც მონაწილეობენ საუბრებში და მსჯელობა მიდის სხვადასხვა საკითხზე, აღნიშნული პირები არიან თუ არა ინფორმირებული თავად ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმების შესახებ საუბრების ინსცენირებასთან დაკავშირებით და ისინიც თუ მონაწილეობენ მასში, ლევან ყიფიანი პასუხობს:
„მე უშუალოდ ზაზას და ჩანაწერის სავარაუდო მონაწილეებს დათო თოლორდავას, ირაკლი ჩუბინიშვილს, ალექსი ანდრიაძეს შორის მოლაპარაკებებს არ შევსწრებივარ, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზაზამ რამოდენიმეჯერ მასაუბრა დათო თოლორდავასთან და მალაპარაკა წინასწარ დამუშავუბული და ინსცენირებული ტექსტებით, ვფიქრობ, რომ ისინიც საქმის კურსში უნდა იყვნენ, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაზა ოქუაშვილმა ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, რომ მას ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა“, – აღნიშნა ყიფიანმა.
კითხვაზე, ცნობილია თუ არა, კონკრეტულად რომელი პირებისთვის უნდა წარედგინა ზაზა ოქუაშვილს ყიფიანის მიერ დამზადებული ჩანაწერები და თუ ფლობს ინფორმაციას, წარუდგინა თუ არა მათ აღნიშნული, ლევან ყიფიანი პასუხობს, რომ ზაზა ოქუაშვილს არ დაუკონკრეტებია იმ პირთა წრე სახელდებით, ვისთვისაც ჩანაწერები იყო განკუთვნილი.
„მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უცხოელი პარტნიორებისათვის ესაჭიროებოდა, რათა გადაევადებინა მათგან ვალდებულების მოთხოვნის პროცესი. ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტური წარმომადგენელთა მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ ასრულებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან.“, – აღნიშნავს ჩვენებაში ლევან ყიფიანი.