ლევან თევზაძე - იუსტიციის საბჭო მიმართავს პარლამენტს, რომ არამოსამართლე წევრებზე გარკვეული ტიპის ეთიკის ნორმები გავრცელდეს
ქალბატონი ანა დოლიძის დღევანდელი განცხადებები არის კლასიკური ნიმუში დემაგოგიისა, ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს სასამართლოს ავტორიტეტზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან თევზაძემ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის დღევანდელ განცხადებას მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ, რა დროსაც მან სასამართლო სისტემა გააკრიტიკა.
ლევან თევზაძის თქმით, საბჭო არ აჰყვება ანა დოლიძის პროვოკაციას.
„ანა დოლიძე მიზანმიმართულად, ცილისმწამებლურად ავრცელებს აღნიშნულ განცხადებებს და ვფიქრობ, მისი სურვილი და ეჭვები, რომ სასამართლო სისტემა და საბჭოს საქმიანობა გადასულიყო პოლიტიკურ ჭრილში, მართლდება. ჩვენ არ ავყვებით მის მსგავსი ტიპის პროვოკაციას“, – განაცხადა ლევან თევზაძემ.
ლევან თევზაძე გარკვეული ინიციატივითაც გამოდის და ამბობს, რომ საბჭო სავარაუდოდ მიმართავს პარლამენტს, რომ სამომავლოდ ეთიკის ნორმები გავრცელდეს არა მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრებზე, არამედ არამოსამართლე წევრებზეც.
„ისეთ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს, ამაზე უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. ეს არის არაეთიკური, აბსოლუტურად მიუღებელი. სამწუხაროა, რომ ეთიკის ნორმები არ ვრცელდება უშუალოდ არამოსამართლე წევრებზე და ვფიქრობ, პარლამენტმაც უნდა იფიქროს აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ალბათ დავაყენებთ ამ საკითხს პარლამენტში, რომ ეთიკის ნორმები გავრცელდეს ასევე არამოსამართლე წევრებზე, რადგან ისინი განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობენ და მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“, – განმარტა ლევან თევზაძემ.
ანა დოლიძემ დღეს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების დაწყებამდე განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ, სასამართლოში საკუთარი გავლენა შეინარჩუნონ.