ლევან თევზაძე - ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერები ვიდრე ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებთ და ამაზე ისაუბრებთ, იქნებ საკუთარი თავების კეთილსინდისიერება და დაფინანსების წყაროები გადაგემოწმებინათ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერები მას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ.
როგორც ლევან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ, ნონა წოწორიამ თავად აღიარა უკრაინაში ჩატარებულ რეფორმებში მონაწილეობა.
მისივე განმარტებით, ცუდია, რომ ნონა წოწორიამ არ ახსენა მისი მონაწილეობა სხვა ქვეყნებში განხორციელებულ „ვეტინგთან“ მიმართებაში, მათ შორის მოლდოვაში, სადაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მოქმედი მოსამართლეები. ლევან თევზაძის შეფასებით, საქართველოშიც ალბათ იმავეს აპირებენ.
„სამწუხაროა, რომ ე.წ. ვეტინგის მხარდამჭერები და „ტვ პირველი“ ბრალს მდებს სიცრუის ტირაჟირებაში, თითქოს ჩემ მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია ზურაბ ადეიშვილის მოადგილის, ნონა წოწორიას მონაწილეობაზე უკრაინაში ჩატარებულ „ვეტინგთან“ დაკავშირებით (სულ მცირე, ჩემთვისაც უნდა გეკითხათ პოზიცია).
კარგია, რომ ნონა წოწორიამ თავად აღიარა უკრაინაში ჩატარებულ რეფორმებში მონაწილეობა, მათ შორის, გენერალური პროკურორის დანიშვნაში.
კარგია, რომ 2023 წელს უკრაინაში დაიჭირეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რამდენიმე მილიონის ქრთამის აღების ფაქტზე, მაგრამ ცუდია, რომ „ვეტინგი“ უკრაინაში 2016 წლიდან ხორციელდებოდა და მხოლოდ 2023 წელს გამოავლინეს თავმჯდომარის კორუფციის ფაქტი (როგორ უმუშავია შვიდი წელი ამ ვეტინგს, გამგები გაიგებს). ალბანეთის მაგალითს აღარ გავაგრძელებ.
ცუდია, რომ ნონა წოწორიამ არ ახსენა მისი მონაწილეობა სხვა ქვეყნებში განხორციელებულ „ვეტინგთან“ მიმართებაში, მათ შორის მოლდოვაში, სადაც სამსახურიდან გაათავისუფლეს მოქმედი მოსამართლეები და ალბათ საქართველოშიც იმავეს აპირებენ (იხ. ფოტოს სქრინი).
მართლაც ცუდია, რომ მოსამართლეთა „დაკითხვებში“ უშუალოდ მონაწილებდა თავად ნონა წოწორია (იხ. დაკითხვის ფოტო) და ალბათ ასეთივე ფორმით აპირებენ საქართველოში მოსამართლეთა განკითხვას და სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელებას.
ამდენად, მაშინ როდესაც საერთოდ ნაკლებ მნიშვნელოვანია, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნას ვინ მოაწერა ხელი და აქცენტები გადაგაქვთ ამაზე, კეთილი ზრახვებით ფუთავთ ამ „ვეტინგს“ და აპირებთ, ამავე მეთოდებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე განახორციელოთ ჩემი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შემოწმება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში გააკეთეთ, ნამდვილად არ ვაპირებ შეგუებას. არ ვაპირებ, მშვიდად შევხვდე ამ ყოვლად გაუგონარ ფორმას, რომელიც იმთავითვე ეწინააღდეგება კანონისა და სამართლის უზენაესობას.
პ.ს. ვიდრე ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებთ და ამაზე ისაუბრებთ, იქნებ საკუთარი თავების კეთილსინდისიერება და დაფინანსების წყაროები გადაგემოწმებინათ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლევან თევზაძემ.